ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ სულ უფრო მეტი მოხალისეა, რომელიც აფხაზეთიდან მიემგზავრება და ომში რუსეთის მხარეს იბრძვის. ინალ არძინბა ამბობს, რომ აფხაზეთში მობილიზაცია არაა.
არძინბას განცხადებით, დონბასისთვის "აფხაზ მოხალისეებს" დიდი მნიშვნელობა აქვს.
ვლადიმირ პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის მოქალაქეები, ძირითადად კაცები, ქვეყანას ტოვებენ. მრავალკილომეტრიანი საცობია შექმნილი ყაზბეგის გამშვებ პუნქტზე, საიდანაც რუსეთის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას ცდილობენ. Meduza-ს ინფორმაციით, ყაზახეთმა, საქართველომ, მონღოლეთმა და ფინეთმა უკვე 200 ათასი რუსი მიიღეს.
გარდა ამისა, მოსკოვმა უკრაინაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმი ჩაატარა. წინასწარი მონაცემებით, ხერსონში, ზაპოროჟიეს, დონეცკსა და ლუჰანსკში უმრავლესობამ რუსეთთან შეერთებას "მისცა ხმა".
უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ე.წ რეფერენდუმებს ყალბს უწოდებენ და აცხადებენ, რომ შედეგები წინასწარ არის განსაზღვრული.